English / ქართული / русский /
ანა აბესაძე
შიდა ტურიზმის განვითარების ტენდენციები საქართველოში COVID-19 პანდემიის ფონზე

ანოტაცია. სტატიაში განხილულია შიდა ტურიზმში გამოვლენილი ტენდენციები COVID-19პანდემიამდე  და იმ მოლოდინების სტატისტიკური ანალიზი, რომლებსაც უნდა ველოდოთ პოსტპანდემიის პერიოდში. მოლოდინები გაანალიზებულია ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, რომლისთვისაც მომზადდა  სტატისტიკური დაკვირვების ინსტრუმენტარი.  შეირჩა კვლევის დიზაინი  და  განისაზღვრა ჩატარების ვადები. კვლევისათვის გამოყენებულ იქნა Goodle Drive-ისა და   სოციალური ქსელების პლატფორმა.

საკვანძო სიტყვები: ტურიზმი, ვიზიტორი, ლოკაცია, მიმზიდველობა, პანდემია.

შესავალი 

2020  წელმა მთელი სამყარო  ურთულესი  გამოწვევების  წინაშე დააყენა. ცოტა ხნის წინ ვერავინ ვერ  წარმოიდგენდა, რომ ასე შეიცვლებოდა მსოფლიოს ცხოვრების წესი და რიტმი.  პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პარამეტრებიც. მონაცემთა პლატფორმის statista.com-ის თანახმად, ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი იმ სექტორთაგანია, რომელზეც ყველაზე დიდი გავლენა იქონია COVID-19-მა როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების კუთხით. (აბესაძე ო. 2020. 51) განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი ტურიზმი, გადავიდა განუსაზღვრელობის ეტაპზე   და ყველა მასთან დაკავშირებული საქმიანობა რეალურად მიძინების სტადიაზე აღმოჩნდა. ამიტომ, მეტ-ნაკლებად ყველა ტურისტულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მნიშვნელოვნად შეიცვალა ტურიზმის ძირითადი  სტატისტიკური მახასიათებლები. ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის შემდეგ საერთაშორისო ტურიზმი თითქმის პარალიზებული აღმოჩნდა, ხოლო შიდა ტურიზმმა დაიწყო გამოცოცხლება  და მესამე კვარტალში საკმაოდ გაიზარდა მისი სტატისტიკური მახასიათებლები. მაგრამ შემოდგომაზე, მეორე ტალღის გამო ვირუსის გავრცელების მასშტაბების გაზრდამ შიდა ტურიზმიც  მიძინების ფაზაში გადაიყვანა. ლოკდაუნებისა და მკაცრი რეგულაციების პირობებში შემცირდა ვირუსის გავრცელების მასშტაბები,   შეზღუდვების ეტაპობრივმა გაუქმებამ გააჩინა შიდა ტურიზმის  გამოცოცხლების მოლოდინები. მაგრამ ამჟამად ქვეყანა, ისევე როგორც  მთელი მსოფლიო, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღის მოლოდინშია. ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება, აქედან გამომდინარე აქტიური ტურისტული ქმედებების არეალი  ჯერ-ჯერობით შეზღუდულია. რადგანაც  ყველაზე  აქტიური პერიოდი ტურიზმისათვის მაინც  ზაფხულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაავადების გავრცელების პიკის ტალღა  გადავლილი იქნება და მასობრივი ვაქცინაციის  წარმატებით განხორციელების შემდეგ, ჩაწყნარებული ეპიდვითარების ფონზე შიდა ტურიზმი მოიკრებს ძალას და დაიწყება მისი აღმავლობის პროცესი. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ   როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურისტული ბაზრისათვის მნიშვნელოვანია მაღალხარისხიანი  ტურისტული პროდუქტების შექმნა  და   მსოფლიო ტურისტული ბაზრებიდან მოსახერხებელი, უსაფრთხო დერეფნისა და ხელმისაწვდომი საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლის უზრუნველყოფა (აბესაძე ნ., 2020.28).  

2020 წელი მსოფლიო ისტორიაში შევა, როგორც ტურიზმის ეკონომიკური განუსაზღვრელობის ფაზაში  გადასვლის წელი (ქინქლაძე რ., აბესაძე ნ., აბესაძე ო., 2020. 349). 

ძირითადი ტექსტი 

 ფაქტია,  რომ პანდემიამდე დინამიკაში შიდა ტურიზმი  ზრდის  ტენდენციით  ხასიათდებოდა. ქვეყანაში 2017  წლიდან დაფიქსირდა საშუალო თვიური ვიზიტების  რიცხვის  ზრდის ტენდენცია. მარტო  2019  წელს წინა წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა შიდა ვიზიტების  რიცხვი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ  2017  წელს 2016 წელთან შედარებით მაჩვენებლის 3%-იანი კლება დაფიქსირდა. 

დიაგრამა 1

ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის დინამიკა

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

შიდა ტურიზმის დროს განსაკუთრებით  აქტიური იყო  31-50  წლის  ასაკის მოსახლეობა. რომელთა  წილი  შიდა ვიზიტორებს შორის 36,7% შეადგენდა. აქტიურობის მიხედვით აღსანიშნავია  აგრეთვე  51-70 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა.

შიდა ტურიზმის დროს ვიზიტორები მოგზაურობდნენ ძირითადად მოკლევადიანი პერიოდით, რადგან მათ მიერ გატარებული  ღამეების  საშუალო რაოდენობა 1,97 შეადგენს.  როგორც მონაცემების ანალიზიდან გამოვლინდა, გატარებული ღამეების  საშუალო რიცხვი 2016 წელთან შედარებით შემცირებულია. თუმცა,  2017 წლიდან მისი რიცხვი მაინც გაიზარდა  და თითქმის  2-ს მიუახლოვდა. ყველაზე მეტი ღამისთევა  დაფიქსირდა თბილისში – 3.4, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1.9 და ქვემო ქართლში – 1.8. ყველაზე ნაკლები კი შიდა  ქართლსა   და მცხეთა-მთიანეთშია – 0.8.

საინტერესოა რომელი რეგიონები იყო მიმზიდველი საქართველოს  მოქალაქეებისათვის  2019  წელს.  როგორც  მოსალოდნელი იყო,  დინამიკაში გამოკვეთილი ტენდენციები ისევ შენარჩუნდა  და ყველაზე  მონახულებად  რეგიონებად დასახელდა: თბილისი, აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო-სვანეთი და ა.შ..                        

                           დიაგრამა 2

ვიზიტორებისა და ვიზიტების განაწილება მონახულებადი რეგიონების მიხედვით 

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

 როგორი იქნება მოლოდინები, როდის მოხდება  ტურიზმის აქამდე მიღწეული ზრდის  ტემპების ისევ შენაჩუნება  და უფრო მეტიც, გაზრდა, ძნელი სათქმელია.   ისიც ცხადია, პანდემიის შემდეგ ტურიზმის აღმავლობისათვის  უნდა მოხდეს ტურიზმის სექტორის ადაპტირება ახალ რეალობასთან.  სიტუაციის მონიტორინგისათვის საჭიროდ მივიჩნიეთ გამოგვევლინა პოსტპანდემიურ საქართველოში ტურიზმის განვითარების მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები. Google Drive-ის პლატფორმის გამოყენებით ჩვენ მიერ ჩატარებულ იქნა კვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც  გავაანალიზეთ  საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება შიდა ტურიზმის განვითარების შესახებ.   

სა­ქარ­თვე­ლო­ში 12 ათას­ზე მეტი ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგლია. არის სამ­კურ­ნა­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის 2 400-ზე მეტი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, ქვე­ყა­ნა­ში 103 კუ­რორ­ტია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლია ღვი­ნის ტუ­რიზ­მის კუ­თხით. მა­გა­ლი­თად კა­ხეთ­ში, უამ­რა­ვი სა­ო­ჯა­ხო მა­რა­ნი და შატო არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ტუ­რისტს სრულ­ფა­სო­ვან შე­თა­ვა­ზე­ბას უკე­თებს და ტუ­რე­ბიც  ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა: ვიზიტორებს შეუძლიათ ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბა, ქვევრში ღვი­ნის და­წურ­ვის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და ა.შ.. ასე­ვე, ძა­ლი­ან დი­დია სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მთი­ან რე­გი­ონ­ში. ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ძა­ლი­ან  აქტუალურია ტრადიციულად ზღვის ტურები - აჭარის რეგიონი, უნდა გამოიყოს აგრეთვე თუ­შე­თის, ხევ­სუ­რე­თის, სვა­ნე­თის ტურები.[1]

როგორი იყო კვლევის მეთოდოლოგია?  კვლევისათვის აუცილებელი იყო კვლევის შედეგად მიღებული მასალის დამუშავებისა და სტატისტიკური ანალიზისათვის ტურიზმის სფეროში სტატისტიკური დაკვირვების ინსტრუმენტარის მომზადება.  პირველ ეტპზე  შეირჩა კვლევის დიზაინი  და  განისაზღვრა ჩატარების ვადები. ოპტიმალურად ჩაითვალა კვლევის ჩატარება  სოციალური ქსელების პლატფორმის გამოყენებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 308 რესპონდენტმა.

რესპონდენტებიდან  მიღებული პასუხებისას სრულად იქნა დაცული კონფიდენციალობის პირობა და ისინი გამოყენებულ იქნა მხოლოდ ანალიტიკური მიზნებისთვის. კვლევა ჩატარდა სამი თვის განმავლობაში (ივნისი, ივლისი, აგვისტო)  და მოიცავდა საქართველოს   15 წლისა და უფროსი ასაკის იმ მოსახლეობას, რომლებმაც აღნიშნული პერიოდში განმავლობაში განახორციელეს  ვიზიტი მუნიციპალიტეტებს შორის. კვლევის დიზაინი ითვალისწინებდა ანკეტის შედგენას, რომელიც განისაზღვრა 15 კითხვით.

 კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა 69,9 % აღმოჩნდა ქალი და შესაბამისად 30,1% მამაკაცი.  45%-მა შეადგინა 25-44 წლის ასაკობრივი  ჯგუფი. 26,1% – 15-24 წლის იყო, ხოლო 45 – 64 წლის ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენდა 26,5 %; გაცილებით ნაკლები იყო 65 და ზევით ასაკის რესპონდენტთა წილი (2,5%), გამოკითხულთა 5% იყო სტუდენტი,  58,8% – დაქირავებული მომუშავე, 29,2% – თვითდასაქმებული, 2,5% – უმუშევარი, ხოლო 2,0% – დიასახლისი.

როგორც კვლევამ აჩვენა, მიმდინარე  წელს, რესპონდენტთა  60,5%  ჰქონდა შიდა ტურიზმის  ისტორია. მათი    დიდი  ნაწილი (52%)   მოგზაურობდა  მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად, მარტო კი – 14%, ხოლო ოჯახის წევრებთან ერთად გამოკითხულთა 11%. პანდემიის  გამოცხადებამდე, მოგზაურობისას ძირითად მიზანს  წარმოადგენდა ნათესავებისა  და  ახლობლების  მონახულება. შემდეგ კი დასვენება, გართობა  და რეკრეაცია.

როგორია  შიდა ტურიზმის მიმართ  მოლოდინები? რესპონდენტთა 45% ფიქრობს, რომ პანდემიის შემდეგ აუცილებლად გაემგზავრება სამოგზაუროდ, 29%-ს   ჯერ  არ  ჰქონდა გადაწყვეტილი,   ხოლო უარი მოგზაურობაზე  განაცხადა რესპონდენტთა 12%-მა. 

დიაგრამა 3

რესპონდენტების განაწილება მოგზაურობის სურვილის მიხედვით[2]

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით  შეიცვალა მოსახლეობის განწყობა შიდა  ტურიზმის მიმართ  და რესპონდენტთა   თითქმის 60%-თვის  გამგზავრების მიზანი იყო დასვენება, გართობა  და რეკრეაცია,  ხოლო, 14%-თვის კი ნათესავებისა  და  ახლობლების მონახულება,  16%-თვის   მკურნალობა  და ჯანმრთელობის გაუმჯობესება, 10%-თვის პროფესიული საქმიანობა.  გამოკითხულთა უმრავლესობა (53%) უპირატესობას  ანიჭებს სასტუმროს, როგორც განთავსების ყველაზე პოპულარულ საშუალებას, 8% – ჰოსტელს, 10% – სასტუმრო სახლს, 21% – ახლობლის  სახლს. 

დიაგრამა 4

რესპონდენტების განაწილება  განთავსების საშუალებების

გამოყენების მიხედვით

რესპონდენტთა 38%-მა მოგზაურობისას  დახარჯა 500 ლარამდე,  22%-მა კი 1000 ლარამდე. საინტერესო  სურათი გამოვლინდა მოგზაურობისას თანმხლები პირების ანალიზისას. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ასაკის  მომატებასთან ერთად იზრდება ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად მოგზაურობის სურვილის მქონე რესპონდენტების რაოდენობა, ხოლო ახალგაზრდა  ასაკობრივი ჯგუფების შემთხვევაში კი მაღალია მეგობრებთან ერთად მოგზაურობის სურვილის მქონეთა წილის მაჩვენებლები. 

ცხრილი 1

რესპონდენტების განაწილება  ასაკიბრივი ჯგუფებისა და მოგზაურობისას თანმხლები პირების მიხედვით 

ასაკობრივი

ჯგუფები

თანამშრომლებთან/

კოლეგებთან ერთად

მარტო

მეგობრებთან ერთად

ოჯახის  წევრებთან/

ნათესავებთან ერთად

18-25

9,1%

15,5%

46,4%

29,1%

26-35

11,4%

13,3%

41%

34,3%

36-45

16,1%

12,9%

38,7%

32,3%

46-55

15,4%

0%

16,7%

66,7%

56-65

17%

0%

14%

69%

65-ზე ზევით

0%

0%

3%

97%

 შეკითხვაზე  ხვალ, რომ მოგიწიოთ გამგზავრება რომელ ლოკაციას აირჩევდით სამოგზაუროდ, რესპონდენტთა 20%-მა უპასუხა  რომ გაემგზავრებოდა სვანეთში, უშგულში; მარტვილის კანიონის სანახავად – 14%, აბუდელაურის ფერად ტბებს მოინახულებდა –12%, დამბაშის კანიონის სანახავად – 11%, ბახმაროში – 18%,  ფასანაურში – 8%,  გომის მთაზე – 5%, დაშბაშის კანიონის სანახავად – 3%,  ყაზბეგი – 8%, ბაკურიანი – 9% და ა.შ.

დიაგრამა  5

რესპონდენტების განაწილება მიმზიდველი ტურისტული

ლოკაციების მიხედვით

 

საინტერესო შედეგები მივიღეთ ტურისტული პროდუქტების პრიორიტეტულობის შედეგების ანალიზისას. რესპონდენტთა 37% თვლის, რომ ყველაზე მეტად მიმზიდველია მთის  ტურიზმი. 22% მიიჩნევს, რომ საქართველოში პრიორიტერული უნდა იყოს  სათავგადასავლო ტურიზმი. 17% უპირატესობას ანიჭებს ეკო და აგრო ტურიზმს.  დაცულ ტერიტორიების მონახულების ტურისტული პაკეტი მოსწონს  და  აინტერესებს 8%-ს, მთის ტურიზმი კი რესპონდენტთა 37%-ს, ღვინის ტური მოსწონს  11%-ს. უნდა  აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა თაობას ყველაზე მეტად  სწორედ  სათავგადასავლო ტურიზმი ხიბლავს.

დიაგრამა 6 

წყარო: დიაგრამა აგებულის ჩვენს მიერ ჩანარებული კვლევის შედეგების მიხედვით. 

შეკითხვაზე, თუ  რამდენი ლარის  დახარჯვას  აპირებენ საქართველოს  მოქალაქეები მოგზაურობისას, მოსალოდნელი ხარჯების  მოდალური მნიშვნელობა  აღმოჩნდა 501-1000 ლარი. 

დასკვნა 

კვლევის შედეგების გაანალიზეების შემდეგ შეიძლება დავასკვნათ:

  • · პადემიის გამოცხადებამდე, სახეზე იყო  შიდა ტურიზმის მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია;
  • · პანდემიის პერიოდში პირველ ეტაპზე გამოცოცხლებული იყო შიდა ტურიზმი, ფართოდ გავრცელების მასშტაბის პირობებში კი გადავიდა  მიძინების ეტაპზე;
  • · ტურისტებს შორის ჭარბობს 31-50 წლის, ხოლო რესპონდენტებს შორის 25-44  წლის ასაკობრივი ჯგუფის  მოსახლეობა;
  • · რესპონდენტთა  60,5%  ჰქონდა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია  და  ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი (52%) მოგზაურობდა  მეგობრებსა და ნათესავებთან ერთად; მაღალია ოჯახის წევრებთან ერთად და მარტო მოგზაურობის მაჩვენებლებიც;
  • · საქართველოს რეზიდენტები მოგზაურობისას  განთავსების საშუალებებიდან უპირატესობას  ანიჭებენ   სასტუმროებსა  და სასტუმრო სახლებს, მაღალია  აგრეთვე ახლობლების ბინით  სარგებლობის მაჩვენებელი;
  • · რესპონდენტთა დიდი ნაწილისათვის გამგზავრების მიზანი ნათესავებისა  და ახლობლების მონახულება იყო, თუმცა პანდემიის  დასრულების შემდეგ  პირველ ადგილზე გადაინაცვლა დასვენებამ, გართობამ და რეკრეაციამ;
  • · რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი აპირებს, რომ მოგზაურობისას  დახარჯოს  501-1000-ლარამდე;
  • · შიდა ტურიზმის დროს სასურველ ლოკაციებად  დასახელდა:  უშგული, მარტვილისა  და ოკაცეს  კანიონი, აბუდელაურის ფერადი ტბები,   ბახმარო, გომის მთა, დაშბაშის კანიონი,  ყაზბეგი, სიღნაღი და  ა. შ.;
  • · რესპონდენტებს ყველაზე მეტად იზიდავს  მთის, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგრო ტურიზმი. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. აბესაძე ნ., მინდორაშვილი მ., ფარესაშვილი ნ., 2018. უცხოელი ვიზიტორების ტურისტული ხარჯები საქართველოში. მონოგრაფია, 35-37.
  2. აბესაძე ნ., 2020. ტურიზმის მოლოდინების სტატისტიკა საქართველოში პოსტპანდემიის პერიოდში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ შრომების კრებული. თსუ გამომცემლობა, გვ. 28.
  3. აბესაძე ო., 2020, ტურიზმის პოსტპანდემიური  მოლოდინები და     განვითარების ტენდენციები. ჟურნალი „ეკონომიკა‘‘.  #  10-12, გვ.51.
  4. გელდნერი ჩ. რ., ბრენტ რითჩი ჯ. რ., ტურიზმი. მეთორმეტე გამოცემა. 2012.
  5. ქინქლაძე რ., აბესაძე ო.,  აბესაძე ნ., ევროკავშირიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების სტატისტიკური კვლევა, საქართვთელოს ტექნიკური უნივერსიტეტის  მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის: გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები შრომების კრებული,  გვ. 349, 2020.  
  6. ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა. პრეზენტაცია.
  7. Abesadze N.,  Kinkladze R.,  Paresashvili N., (2019), Increasing Trends of Tourist Flows from the European Countries to Georgia. Scientific Conference on Economics and Entrepreneurship Proceedings. Riga,  4-11.


[2] აქ  და ტექსტში შემდგომ მოტანილი დიაგრამები  აგებულია და ცხრილები შედგენილია ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით.